X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ხაშურს თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი ექნება

11 მარტი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ხაშურში სპორტული კომპლექსის გახსნას დაესწრო.

მრავალფუნქციური  დაწესებულება 1500-ზე მეტ სპორტსმენს მოემსახურება. შენობაში განთავსებულია  საკალათბურთო, ასევე ფუთძალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და კაფე-სასადილოს მოწყობაც. შენობაში იფუნქციონირებს  40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო. სპორტული კომპლექსი  ადაპტირებულია  შშმ პირებზე.

,,სპორტული კომპლექსი  დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაჯდა, აქედან 2,2 მლნ ლარი დაიხარჯა  შენობაზე და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე,  დანარჩენი 700 ათასი ლარით მოეწყო  სტადიონი, კორტები, კეთილმოეწყო ეზო. აქ განთავსებულია, ასევე   მძლეოსნობის სექცია, ჭადრაკის ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი. კომპლექსი აბსოლუტურად აკმაყოფილებს თანამედროვე, მაღალ სტანდარტებს“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

სპორტკომპლექსის ეზოში  განთავსებულია მინი სტადიონი, საჩოგბურთო მოედანი, ავტოსადგომი, მოეწყო რეკრეაციული ზონა. 

სპორტული კომპლექსის გახსნას დაესწრნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში გიორგი ხოჯევანიშვილი,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები. 

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ  2 292 455 ლარი შეადგინა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე კი  700 000 ლარი დაიხარჯა.